ქართველ მეხანძრე-მაშველებს პოლონელი ინსტრუქტორები სამთო-სამაშველო სწავლებას უტარებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამთო-სამაშველო წვრთნებს გადიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სწავლება სვანეთის რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ათი მეხანძრე-მაშველი გადამზადდა. პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მაშველებს მაღალ მთაში სამაშველო კურსი ჩაუტარეს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საკითხებში.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მაღალ მთაში, რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციის შესრულების საკითხებში ყაზბეგსა და ბორჯომშიც გადამზადდებიან და ჯამში, 28 მეხანძრე-მაშველი გაივლის წვრთნებს.
სწავლება ორგანიზაცია ICAD-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.