ქართველ ექსპორტიორებს ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ
ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიმდინარე წლის 5-დან 10 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შანხაიში, იმპორტის გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო გამოფენაზე მნიშვნელოვანი სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოფენაზე ქართველი ექსპორტიორები წავიყვანოთ, რომლებიც ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას გააცნობენ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ კონტრაქტები გააფორმონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ჩინეთიდან ტურიზმი 54 პროცენტით გაიზარდა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით დიდია.
აქედან გამომდინარე, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის გამოფენაში მონაწილეობით ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რო 2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.