ქართულმა ოლიმპიურმა დელეგაციამ პარიზის ოლიმპიადაზე შეცურა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. ორგანიზატორებმა ქვეყნების წარდგენა ორიგინალური ხერხით გადაწყვიტეს – დელეგაციები გემებით, ნავებითა და კატერებით მდინარე სენაზე ჩაატარეს.
ეს მშვენიერი სანახაობა საქართველოს დროშებმაც გაალამაზა. ჩვენი ქვეყნის 28 სპორტსმენისგან შემდგარი დელეგაციის მედროშეები იყვნენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე.
ოლიმპიადის მონაწილეთაგან სენაზე ყველაზე ბოლოს საფრანგეთმა შეცურა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ოლიმპიური გუნდი ჰყავს.
მეტად ეფექტურად დადგმული ცერემონიალისას ვიხილეთ გაცოცხლებული სიუჟეტები საფრანგეთის ისტორიიდან და თანამედროვეობიდან. იმღერეს ლედი გაგამ, სელინ დიონმა და სხვა ცნობილმა მომღერლებმა.
ოლიმპიური ჩირაღდანი კი სუპერვარსკვლავთა შორის ხელიდან ხელში ამაყად გადადიოდა. ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ზინედინ ზიდანი, ამელი მორესმო, კარლ ლუისი, სერენა უილიამსი, ნადია კომანესი… მთავარი ცეცხლი კი მარი-ჟოზი პერეკმა და ტედი რინერმა დაანთეს. მათ მიერ გაჩირაღდნებული საჰაერო ბურთი ოლიმპიადის მიმდინარეობისას პარიზის ცაზე იტრიალებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენებიდან პირველები (27 ივლისს) გამოვლენ ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და მოცურვე ანა ნიჟარაძე.