„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა.

25-კაციანი საარჩევნო სია თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.

კალაძის თქმით, თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე დედაქალაქის საკრებულოს წევრებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი.

„2 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება და მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პროდუქტიულად წარვმართოთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან, გავაცნოთ ჩვენი გეგმები, პროგრამა და პროექტები, გავაცნოთ საკრებულოს წევრობის კანდიდატები, ვინც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული თბილისის აღმშენებლობასა და განვითარებაში. გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული – ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას. თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე, ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელება კვალიფიციური გუნდის გარეშე შეუძლებელია.

„ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, შვიდივე პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესება, შეუძლებელი იქნება კვალიფიციური, ერთგული გუნდის გარეშე ქალაქის საკრებულოში. მხოლოდ მე, მხოლოდ მერია ვერ შეძლებს იმ დიდი მიზნების მიღწევას, რომლებიც დასახული გვაქვს. ამიტომ, აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ საკრებულოს სიას, მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს, რათა საკრებულოში გვქონდეს მყარი უმრავლესობა და ახალი ენერგიით შევუდგეთ ჩვენი ქალაქის მომავლის შენებას, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს „ქართული ოცნების“ გუნდს დაუჭერენ.

„არავის აქვს უფლება თბილისის ინტერესები პოლიტიკურ პოლემიკას შესწიროს. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თბილისის საკრებულო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელოვნური ბარიერების შესაქმნელად, ჩვენი ქალაქის განვითარების შესაფერხებლად გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, აირჩევენ ჩვენი ქალაქის მომავალს, აირჩევენ განვითარებას, მხარს დაუჭერენ ჩემს გუნდს საკრებულოში და იმ გზას, რომელსაც 2017 წელს დავადექით და რომლის შედეგად, თბილისი დღეს ბევრად მწვანე, კომფორტული, ლამაზი და ჯანსაღი ქალაქია. წინ კიდევ უფრო დიდი საქმეები გველის – საქმეები, რომელიც სწორედ ამ ადამიანებთან ერთად, თქვენი მხარდაჭერითა და ჩართულობით უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სლოგანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თითოეული უბნის განვითარებას გულისხმობს.

„ჩვენი სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნიდით, ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ამ საქმეში, დღეს წარმოდგენილი ადამიანების როლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ არიან:

1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.