„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი მეძმარიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ზაზა ლომინაძე.
„პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობა. დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციიდან კანდიდატები. ჩემი ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.
მდინარაძის თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევა შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება.