„ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებას ეხება
„ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საკითხს ეხება. ამ თვალსაზრისით მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წინადადება გაიზიარა.
საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდებოდა. ოპოზიციამ ინიციატივაში ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშე დარჩენის საფრთხე დაინახა. ოპოზიციის საპასუხოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან კონსენსუსი იქნება და ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამაზე თანახმაა, სერტიფიცირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება.
„თქვენს მოთხოვნას დავეთანხმებით და საკითხს დღის წესრიგიდან ჩავხსნით“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.