„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გივი მიქანაძემ ქუთაისში პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კვლევის შედეგად პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა“, მესამე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“. შემდეგ მოდიან – პარტია „საქართველოსთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი მეტი თავისუფლება“; „ლელო“; „ევროპული საქართველო“; „მოქალაქეები“; „ლეიბორისტული პარტია“; „გირჩი“; „ერთიანი საქართველო“ და ასე შემდეგ.
„ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ასეთი შედეგებით რომ დასრულდეს, სამპროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ 11 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი მანდატი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, კვლევის მიხედვით, მერის თანამდებობაზე ლიდერობს იოსებ ხახალეიშვილი, ხოლო ხატია დეკანოიძე მეორე ადგილზეა.