„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დააინიცირა - რომელ დანაშაულებს შეეხება ამნისტია
„ქართულმა ოცნებამ“ დაანიცირა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიზანიც პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება იქნებოდა.
მინდა, საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და იმავდროულად:
აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.
ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის ½-ით შემცირება; სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წრეს, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს.
ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს; კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით.
რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში. თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ.
დაბოლოს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს-ს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შემუშავდა დაბალანსებული ამნისტიის წინამდებარე პროექტი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტის სრული ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.