პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველი აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
მმართველ პარტიას თანხა ოთხმა კომპანიამ ჩაურიცხა – 100-100 ათასი ლარი შპს „საქართველომ“ და შპს „გაგრა+“-მა; 50-50 ათასი ლარი შპს-მ „Geo Sand“ და შპს „ჯეო კვარცმა“. „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენებმა ივანე ბაქრაძემ, 50-50 ათასი ლარი ვაჟა ციგროშვილმა, ვაჟა ლეკიშვილმა და დავით კაპანაძემ. ფიქსირდება ჩარიცხვები „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებისგან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორისგან, გივი ბახტაძისგან (20 ათასი ლარი), გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისგან, გიორგი სეთურიძისგან (20 ათასი ლარი).
რაც შეეხება სხვა პარტიებს, აპრილი-მაისში „თავისუფალმა საქართველომ“ 14 350 ლარის შემოწირულობა მიიღო, მათ შორის 10 350 კახა კუკავასგან; „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“ – 12 ათასი ლარი; „ევროპულმა საქართველომ“ – 9 753 ლარი, მათ შორის 7 200 ლარი ოთარ კახიძისგან; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 8 913 ლარი; „დემოკრატიულმა მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ“ – 1000 ლარი; „ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ კი – 208 ლარი.