„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება.
„ცესკო-ს გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავის, გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის, გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად ორ თვეში, 2 აპრილს.
დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ის არის მაღალკვალიფიციური იურისტი, იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში.
ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.