ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა არქივმა ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესმა სასწავლებელმა, ქართული ტრადიციული მუსიკისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობა დაიწყეს.
საარქივო მასალაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ არქივში დაცული ჩიჯავაძე-გვახარიას ავტორობით შექმნილი მუსიკალური ლექსიკონის ხელნაწერი გაციფრულდება და ელექტრონული გამოცემა მომზადდება. ინტერნეტრესურსზე წვდომა დაინტერესებული სტუდენტებისა თუ მკვლევარებისთვის უსასყიდლო იქნება.
თანამშრომლობის ფარგლებში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, არქიმანდრიტმა იოანე კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ინფორმაციას ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.