„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში თინათინ ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში თინათინ ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეებს მოტყუებით ართმევენ პირადობებს, სიცრუეს უწოდებენ.

როგორც შტაბის წევრმა, ლაშა გვასალიამ აღნიშნა, ოპოზიციამ იცის ბოლო გამოკითხვის შედეგები და ცდილობს, საკუთარი მარცხი სხვა რამეს გადააბრალოს.

„ეს არის მორიგი ტყუილი, რაც თინათინ ბოკუჩავამ განაცხდა. მას ან ტყუილს ეუბნებიან და ამას აჟღერებს, ან მატყუარაა. გუშინდელიდან მოყოლებული იტყუება. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც, ვისთან მივიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ისინი აგონიაში არიან, იციან ბოლო გამოკითხვის შედეგები და ცდილობენ, თავიანთი მარცხი რამეს გადააბრალონ“, – აღნიშნა გვასალიამ.

როგორც თინათინ ბოკუჩავამ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბში დღეს ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეებს მოტყუებით ართმევენ პირადობებს და ამ გზით ემზადებიან მერის არჩევნების გასაყალბებლად. მისი თქმით, მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ არიან ან უხდიან თანხას და ართმევენ პირადობას, ინიშნავენ მონაცემებს გაყალბების მიზნით. ამასთან, ბოკუჩავამ კონკრეტული ფაქტები არ დაასახელა.