მოგესალმებით, მცხეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, ფშაველებო, ხევსურებო, გუდამაყრელებო, მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს – მცხეთა-მთიანეთს წარმოადგენთ.
სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში:
მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო; მცხეთაში ინახება უფლის კვართი; მცხეთაში აიგო პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი; მცხეთაშია წამომართული საქართველოს დედა-ტაძარი – სვეტიცხოველი; მცხეთაში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, რამაც საქართველოს ქრისტიანულ და ევროპულ იდენტობას მტკიცე საფუძველი შეუქმნა; მცხეთაში განისვენებენ დიდი ქართველი პატრიარქები და მეფეები. აქ განისვენებენ პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი ნანა და მირიანი, აქ განისვენებს ერეკლე მეორე, რომლის სიბრძნემაც საქართველოს ევროპული და ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა; როგორც ლადო ასათიანი ამბობდა, სვეტიცხოვლის ტაძარში ასვენია საქართველოს ცხელი გული, რომლის ძგერა არასოდეს შეწყდება.
ქართული გული და ქართული სული უკვდავია. სწორედ ეს გული და სულია ის, რამაც ჩვენს სამშობლოს ურთულეს სივრცეში 3 ათასწლეულის მანძილზე თავისუფლება და თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. მცხეთა და მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული საუნჯე, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ კულტურას განსაკუთრებული სიმტკიცითა და რუდუნებით იცავდა და იცავს. ეს არის 300 არაგველის სამშობლო, რომელიც არასდროს არავის დაუხრის თავს და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის ღირსებას, სამშობლოს სიყვარულს და ქრისტიანულ ფასეულობებს დააყენებს.
დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3 ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამ თვალსაზრისით საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.
ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის.
გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მინდა, ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ თქვენ წინაშე განვმარტო:
პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას, უკვე ორი ათწლეულია, არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომლებიც არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია.
26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.
საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ;
მეორე მიზეზი, რატომ გვიჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტპროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება.
საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტპროპაგანდის წარმოება და სხვა.
ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ, ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაში და, ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით;
მესამე: დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს;
როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ;
Დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება.
რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.
კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწროპოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენს ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენს ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ.