„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე პოლიტიკური გუნდის ლიდერები მეორე ტურის ახალი სტრატეგიაა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში პოლიტიკური გუნდის ლიდერების მონაწილეობას მმართველ პარტიაში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ ახალი სტრატეგიით ხსნიან.
„ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც“ – აცხადებენ მმართველ პარტიაში.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდები დღეს დილიდან გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.