„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

მათი მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა.

აქციის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ტარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა.

ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.