„ქართული ოცნების“ ოფისთან „ქართული მარში“ აქციას მართავს
„ქართული ოცნების“ ოფისთან „ქართული მარში“ აქციას მართავს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ქართული მარში“ აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მათ ხმები მოპარა.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე მათ, ჯამში, 15 000 ხმა მოპარეს და ისინი ამ ხმების დაცვას აპირებენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ არა ვადამდელი, არამედ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და ამ მოთხოვნით, რამდენიმე დღეში კანცელარიასთან უვადო შიმშილობას დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ითხოვენ შეხვედრას.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ერის წინააღმდეგ. ამიტომ, ხელისუფლება, რომელმაც ეს სამარცხვინო, გაყალბებული არჩევნები ჩაატარა, უნდა გააუქმოს მისი შედეგები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. დღეს მე მივმართე „ქართული ოცნების“ წევრებს, რა უხარიათ, რა შამპანურებს ხსნიან, ტორტებს ჭრიან, როდესაც ისინი იქცნენ ჩრდილოეთ კორეის პარლამენტად, სადაც ერთი ოპოზიციონერიც კი არ ეყოლებათ. ეს იყო სამარცხვინო საქციელი. ჩვენ მოგვპარეს ხმები. ჩვენ ყველა პარტიის სოლიდარულები ვართ, რომლებსაც ხმები მოპარეს, თუნდაც ისინი ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.