„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ უარესდება და უარესდება.
„თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში სააკაშვილის უფლებების დაცვის მხარესთან. ეს ბუნებრივად მოხდა, არა იმიტომ, რომ დავგეგმეთ, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობის მხრივ, გაუარესდა. ახლა უკვე დაიდო დასკვნები ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის. ახლა თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი, ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, ვინ რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს, თუ არ ეგუება. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებში ვერ იქნება შესული სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება.
ექსპერტთა ჯგუფების მიერ დაიდო დასკვნები, სადაც ცხადზე უცხადესია, რას განიცდის მიხეილ სააკაშვილი. ბევრისთვის და სამედიცინო საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პაციენტი, ექიმები, პროფესორები, აკადემიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები საუბრობენ როგორც პაციენტ მიხეილ სააკაშვილზე – ისინი ამბობენ, რომ თუ ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ, არ მაინტერესებთ თქვენი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის – ჩვენ ვართ ექიმები და გეუბნებით, რომ ეს ადამიანი არათუ ვერ გამოჯანმრთელება, არამედ განწირულია სიკვდილისთვის.
იმედი მაქვს, ამ მძიმე რეალობას თვალს გაუსწორებენ და თუ არ გაუსწორებენ თვალს, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.