„ქართული ოცნების“ ოფისთან "„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქციას მართავენ
„ქართული ოცნების“ ოფისთან “„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი თავისუფალ მედიასა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლას აპროტესტებენ.
ამასთან, მათივე თქმით, მოითხოვენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას.
„ვაპროტესტებ ყველა იმ უმსგავსობას, რომელიც დღეს ხდება ქვეყანაში. ეს ეხება გუშინდელ სკანდალურ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა ოქუაშვილის მიერ, რომელიც ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ერევა თავისუფალი მედიისა და თავისუფალი ბიზნესის საქმეებში. ბიზმესმენებს ატერორებს. დასრულდეს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მსგავსი მიდგომა როგორც ბიზნესის, ისე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. გამოვიდეს ივანიშვილი და გაგვცეს ყველა კითხვაზე პასუხი, რატომ ატერორებს ბიზნესს, რატომ იყენებს ძალაუფლებას ბოროტად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.