პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორია.
მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა საეჭვოდ მიიჩნიეს, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებენ.
„გუნდურობის ყველა წესის, კოლეგიალობისა და მეგობრობის ყველა წესის დაცვით ვაპირებთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა. სხვას არაფერს ვაპირებთ, არც რამის შეთავაზებას. მგონია, რომ გუნდი დარჩება იმ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც უკვე შევპირდით საზოგადოებას“, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.