„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მსჯელობის მთავარი თემა ის რეგულაციები და კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ.
უმრავლესობის სხდომაზე გუნდის წევრები ასევე პარტიის შიგნით არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ, საუბარი ასევე შეეხება ამ კვირაში პარლამენტში მინისტრების მოსვლას.
„ბევრი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის გუნდის შიგნით არსებული პრობლემები. ასევე ვისაუბრებთ სასამართლოს საკითხზე, რადგან კრიტერიუმებზე სხვადასხვა საკითხი ბოლომდეა მისაყვანი. საუბარი იქნება მიმდინარე რეფორმებზე. მოგეხსენებათ, ამ კვირაში პარლამენტში ორი მინისტრი მოდის. დრო რის საშუალებასაც მოგვცემს, ყველა საკითხს განვიხილავთ.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ამ თემას დიდად არ შევეხეთ, რადგან უხერხული საკითხია და განსახილველი არაფერია. ყველა ვთანხმდებით, რომ ამაზე ამაზრზენი და ამორალური არაფერი შეიძლება იყოს. ვთანხმდებით, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ როგორც შემსრულებლები, ისე გამავრცელებლები დაისაჯონ. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვინმეს გარიცხვა და მსგავსი სანქციები, მაგრამ თუკი ჩვენი რომელიმე თანაგუნდელი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია ვერ შევეწინააღმდეგებით. მაგრამ დაბეჯითებით ვიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი ეს არ არის. ჩვენი მიზანია, გუნდი იყოს ერთსულოვანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი შესაძლოა, უმრავლესობის სხდომაზე არ მივიდნენ. როგორც გედევან ფოფხაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.