„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებენ.

სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

როგორც პირველ არხს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი არამარტო ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩაერთვება, არამედ მონაწილეობას მიიღებს სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი მიიღებს მონაწილეობას არამხოლოდ ნარკოპოლიტიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბუნებრივია, ის გახლავთ პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე. ის ბრუნდება პოლიტიკაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილის დაბრუნება იქნება ახალი დინამიკის, ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარდატეხას მოიტანს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უმრავლესობის ფორმატში ნარკოპოლიტიკის რეფორმის პრინციპებზე შეჯერდებიან და ივნისის შუა რიცხვებისთვის კონსენსუსით მიღებული კანონპროექტი მომზადდება.

„საზოგადოების თითოეული წევრისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა შემუშავდეს და დაინერგოს ქვეყანაში. სამი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, არის ჰუმანიზაცია მომხმარებლების მიმართ, უკიდურესი გამკაცრება ნარკორეალიზატორების მიმართ და სახელმწიფო ინვესტიციების დაბალანსება უფრო მეტი აქცენტით პრევენციაზე და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე. იმედი მაქვს, რომ ეს სამი ძირითადი მიდგომა შეჯერდება და ასევე, გვექნება დამატებითი განხილვები, თუ როდის შეიძლება საბოლოოდ შეჯერებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა იქნას დამტკიცებული. ივნისის პირველი რიცხვები ივნისის შუა რიცხვებამდე პერიოდი არის ის ვადა, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული გადავადების შემდგომ კანონპროექტის განხილვისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავასრულებთ ამ უაღრესად კომპლექსურ, ძალიან ფაქიზ საკითხზე მუშაობას და იქნება ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისთვის იქნება მისაღები და შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისითაც მაქსიმალურად დაბალანსებული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.