„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმოიხილეს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

„მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.

პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის ცხრა დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომლებიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული ბიუროს“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პარტიის ცნობით, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები მოუსმენენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს. ასევე, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.