„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები უკვე იკრიბებიან.
როგორც ჟურნალისტებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პოლიტსაბჭოს წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება, რადგან ის თბილისში არ იმყოფება.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაში პოლიტსაბჭოს ის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამჟამად თბილისში არიან.
ასევე, არსებული ინფორმაციით, დღეს სხდომას არც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება. პოლიტსაბჭოს შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც იგეგმება. მთავრობის ახალ შემადგენლობას კი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ დაასახელებს.