„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვალერი მუხიგულაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ნაზარლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა სცემეს
გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვალერი მუხიგულაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა სცემეს.
მისი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 15-მდე ახალგაზრდამ მიაყენა.
„სოფელ ნაზარლოში მაღაზიასთან შეკრებილ ახალგაზრდებს მივესალმე და ვკითხე, ვისი შვილები იყვნენ. მათ შემაგინეს და შემდეგ თქვეს, რომ ეს ის ვალერიაო. მეორედაც შემაგინეს და მეც ასევე ვუპასუხე, რის შემდეგაც თავს დამესხნენ და მცემდნენ. შეძლებისდაგვარად ვიგერიებდი, შემდეგ ერთმა ქალმა დამინახა. მათგან თავის გათავისუფლება მოვახერხე. იცოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ვიყავი ჩამოსული, ამიტომაც იყვნენ ასე აგრესიული. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, გრიგოლ ვაშაძის პლაკატები ჰქონდათ“, – განაცხადა ვალერი მუხიგულაშვილმა.
მომხდარს პროვოკაციად აფასებს გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი.
„ეს პროვოკაციაა, არ დავუშვებთ პროვოკაციებს. ყველაფერი მზად არის, რომ არჩევნებმა გარდაბანში მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, – აცხადებს დეპუტატი.
ვალერი მუხიგულაშვილმა მომხდარზე გარდაბნის პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. მიმდინარეობს გამოძიება.