„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და საქაართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლად დანიშნულ გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებს და მერებს შეხვდნენ.

შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ის ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტიულ შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.

„დღეს შეხვედრა გავმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან, მერებსა და საკრებულოს წევრებთან და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეგიონში. რაც შეეხება პარტიის ადგილობრივ თავმჯდომარეებს, ისინი არიან ადგილობრივი კონფერენციების მიერ არჩეულები, შესაბამისად არ იგეგმება ცვლილებები და არც დაიგეგმება“, – განაცხადა კობახიძემ.