„ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეჯოში, ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში“ იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში“ იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. „ჯეო ორგანიკის“ მფლობელმა, ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი საწარმო წელიწადში 600 ტონა ხილს ამუშავებს.
მეწარმის ინფორმაციით, „ჯეო ორგანიკი“ მომავალი წლისთვის 1000 ტონამდე ხილის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო უკვე გადამუშავებულია 10 ტონა ატამი და 10 ტონა ნესვი. საწარმოს სრული ინვესტიცია ხუთი მლნ ლარია, საიდანაც საკუთარი წილი 3,1 მლნ ლარს, სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი – 1 500 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ჩეხეთში, შვედეთსა და უკრაინაში. „ჯეო ორგანიკში“ 50 ადგილობრივია დასაქმებული.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.