„ქართული ოცნების“ ლიდერები გარდაბანში შეხვდნენ სტუდენტს, რომელმაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გამო, ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, გარდაბანში მცხოვრებ სტუდენტ ანა ონიანს შეხვდნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ანა ონიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.
ანა ონიანს გამოცდის ჩაბარების შემდეგ, კოვიდინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც, მან ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა. როგორც საგამოცდო ცენტრში, ამ შემთხვევაშიც პროცესს აკვირდებოდა ორი მეთვალყურე, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა იზრუნეს.
აბიტურიენტმა, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, გამოცდის დღეს, იმავე დროში და იმავე პრინციპით წერა იგივე ტესტი. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ანა ონიანს 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.