„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდი „სინამდვილეში“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ფეისბუქჯგუფებში ამავე პარტიის ფეიკექაუნთებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული, დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. „სინამდვილეში“ განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში გავრცელებული ბანერები არის ტყუილი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას. არანაირი მსგავსი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან არ ყოფილა, ასეთის საჭიროება არც დამდგარა.
„„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ facebook ჯგუფებში ამავე პარტიის fake ექაუნთები აზიარებენ დეზინფორმაციულ ბანერებს, თითქოს ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე, უახლოეს მომავალში კი აპირებენ ბელორუსული ვერტმფრენების შეძენას.
სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში გავრცელებული ბანერები არის ტყუილი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას. არანაირი მსგავსი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან არ ყოფილა. ასეთის საჭიროება არ დამდგარა.
არც ირაკლი კობახიძეს და ვახტანგ გომელაურს გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები“, – აღნიშნულია „სინამდვილეშის“ განცხადებაში.