პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
შეხვედრას სავარაუდოდ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.
„ვფიქრობ, ეს მუშაობა შედეგს გამოიღებს და დღეს უკვე გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გუნდის ერთობა შევინარჩუნოთ. მგონია, რომ ყველას განწყობა ასეთივეა და დარწმუნებული ვარ ამაში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.