„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
შენობასთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად მართავს.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შენობაში შეძახილებით აცილებენ.
ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან.
„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებიან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებიც. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, მათი მიზანია, დისკომფორტი შეუქმნან ოფისში მისულ დეპუტატებს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი არ დატოვებენ ხელისუფლებას და არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
„პოლიცია მობილიზებულია უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. გარკვეული ძალები დგანან და ახდენენ პოლიციის პროვოცირებას, შესაბამისად, დავიცავთ წესრიგს. მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. შეუძლიათ, აქცია გამართონ მშვიდ ვითარებაში, მაგრამ შენობის შესასვლელების პიკეტირება არ შეიძლება. ისინი ცდილობენ, მოახდინონ შესასვლელების პიკეტირება. პოლიცია მოუწოდებს, რომ ნუ მოახდენენ შესასვლელების პიკეტირებას, თავიანთი აზრი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.