„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის წევრებმა მომავალ კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე განსახილველ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, ასევე იმსჯელეს 5-6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

„გვქონდა საუბარი გასულ დღეებში მიმდინარე ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ​. უმრავლესობის პოზიცია რამდენჯერმე დაფიქსირდა. ეს ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა ეს არ არის საპარლამენტო უმრავლესობისგან და თუნდაც ხელისუფლებისგან საკმარისი, ოპოზიციას შეუძლია ვთქვათ დაგმოს ძალადობა ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავგმოთ, არამედ უნდა დავსაჯოთ ყველა დამნაშავე, რომელმაც ძალადობა ჩაიდინა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტში შს მინისტრის დაბარების თაობაზე.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიეცემა შესაძლებლობა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე განმარტებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გააკეთა ვრცელი და დეტალური განმარტება, მათ შორის, 5 ივლისზე. ვფიქრობ, ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა, ამის მიუხედავად უმრავლესობა მსჯელობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვიოს პარლამენტში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს განმარტებები“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, სხდომას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილიც, რომელმაც ეკონომიკაში მიმდინარე ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.

ამასთან, სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზეც იმსჯელეს.