„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებას და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ დღეს თანაგუნდელებს და პარტიის თავმჯდომარეს იდეის სისწორეში დაარწმუნებენ.
როგორც ცნობილია, მაჟორიტარი დეპუტატების წინადადებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებების გასახორციელებლად მაჟორიტარები 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ.
იდეის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, პარლამენტი ორპალატიანი გახდება, რომელიც მაჟორიტარული პრინციპით აირჩევა.
„უმრავლესობაში ჩვენ ავხსნით, რატომ გვაქვს ასეთი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი დაუჭერს მხარს. თავმჯდომარესთან ბუნებრივია, გვექნება ჩვენი წინადადება განხილული. პარლამენტში ინიცირებულია საინიციატივო ჯგუფის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 200 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვოს ამ ჯგუფმა, რათა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ განცხადებას თან ერთვის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომ პარლამენტი გახდეს ორპალატიანი და ორივე პალატა არჩეულ იქნას მაჟორიტარული პრინციპით. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ორპალატიანი სისტემა ერთი მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეები იყვნენ თავად ჩართულნი ორივე პალატის პარლამენტარების არჩევის პროცესში და მეორე ის, რომ სტაბილურობის განცდა იყოს მაღალი. ეს ჩვენი ძირითადი პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოში არსებული სისტემაა. რა თქმა უნდა, ამ პროექტში არის გათვალისწინებული ქართული რეალობა, თუმცა ძირითადად, პრინციპი ამერიკული საარჩევნო სისტემისაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უმრავლესობის სხდომა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება.