„ქართული ოცნება“ - სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასაარჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს.