„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს
„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან.

მდინარაძის თქმით, ეს კანდიდატები არიან: ანა ბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.

ამავდროულად, მამუკა მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია.

„დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხზე. ოპოზიციასთან შეხვედრისა და უმრავლესობის დღევანდელი სხდომის ერთგვარი საერთო შედეგი შემიძლია გაგაცნოთ. მოგეხსენებათ, სულ იყო 19 კანდიდატი. აქედან სამმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა კომიტეტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებზე მსჯელობას არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან, შვიდ ადამიანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია. შეიძლება ითქვას, რომ თუ არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, უმრავლესობის ჩათვლით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ჩათვლით, არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. შესაბამისად, მათემატიკური დათვლითაც კი, გნებავთ, დავარქვათ თეორიული შანსი, რჩება რვა კანდიდატი, რომლებზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე, გაგაცნობთ მათ სახელებს და გვარებს. ესენი არიან: ანა ბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით, მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.