პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდ წარმატებას მოიპოვებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე,ორწლიან პერიოდში პარტიული რეფორმის მეორე ტალღას გეგმავს, რაც მისივე თქმით, საბოლოოდ „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად ჩამოაყალიბებს.
„ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შედგება ამა წლის ოქტომბერში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ ასევე ძალიან დიდ წარმატებას მოვიპოვებთ.
შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე, ორწლიანი პერიოდი იმისთვის, რომ დამატებით ვიზრუნოთ პარტიის განვითარებაზე, პარტიის გაძლიერებაზე და ამ პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მეორე ტალღა ჩვენი პარტიული რეფორმების, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია გააქტიურებული, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც მუდმივად მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პროცესების მართვაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო დღემდე უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოულ თქვენგანს თქვენი წვლილისთვის ამ საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთად დგომისთვის, რომლის გარეშეც ეს წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წინსვლაზე, განვითარებაზე, ამავე დროს არ გვავიწყდება, რომ ჩვენს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, არის უამრავი სირთულე, ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია, მათ შორის რუსთავში, მათ შორის ამ რეგიონში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია ხშირად მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის კვლავაც დარღვეული და ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები არის ჯერ კიდევ შეუსრულებელი.
ამ ყველაფრის, ამ მიზნების მიღწევა საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთად დგომას, საჭიროებს ყოველდღიურ შრომას, მუხლჩაუხრელ შრომას და მე დარწმუნებელი ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში და ჩვენი შრომის და ბრძოლის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება საბოლოოდ მიღწეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.