„ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 90 მანდატით, რაც სრულიად არის საკმარისი, რომ პარლამენტმა ჩვეულებრივ რეჟიმში იფუნქციონიროს
„ქართული ოცნება“ მომდევნო მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 90 მანდატით, რაც სრულიად არის საკმარისი, რომ პარლამენტმა პროცედურული თვალსაზრისით ჩვეულებრივ რეჟიმში იფუნქციონიროს, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის განცხადებით, არჩევნები უკვე ლეგიტიმურად არის ცნობილი და ლეგიტიმური არჩევნების საფუძველზე შეიკრიბება პარლამენტი ისე, როგორც ეს შესაბამისი ვადებით არის გათვალისწინებული.
„თუ ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, მაინც იქნება იმ მოსაზრებაზე, რომ მეორე ტურში ისინი არ იყვნენ აქტიურად ჩართული საარჩევნო პროცესში, ეს ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მაინც დამარცხდებიან ამ არჩევნებში და თავიანთი მარცხი უნდათ, ამ ფორმით შენიღბონ. არჩევნები უკვე არის ლეგიტიმურად ცნობილი და ლეგიტიმური არჩევნების საფუძველზე შეიკრიბება პარლამენტი ისე, როგორც ეს შესაბამისი ვადებით არის გათვალისწინებული. პარლამენტიც დაიწყებს ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს და მონაწილეობა მიიღოს, როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში ოდნავ მოგვიანებით, რადგან მათი პოზიცია არის სრულიად უსაფუძვლო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, ეს იქნება ეუთო/ოდირი, ნატო, ევროსაბჭო, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, ყველა საუბრობს იმაზე, რომ არჩევნების პირველი ტური იყო ლეგიტიმური. ამ ფონზე საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არის სრულიად უსუსური, უტოპიური მცდელობა. მათ ვურჩევდი, რომ ძალიან მოზომილი იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რათა შემდგომ, თავიანთი განცხადებების ტყვეობაში არ იგრძნონ თავი“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქციების გზით, მხოლოდ თავის თავს დააზიანებს.
„ქართული ოცნება“ მომდევნო მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 90 მანდატით, რაც სრულიად არის საკმარისი, რომ პარლამენტმა პროცედურული თვალსაზრისით ჩვეულებრივ რეჟიმში იფუნქციონიროს. ასე, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი სირთულე არ შეიქმნება, მაგრამ რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ოპოზიციამ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ოპოზიციის როლი ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს მათი საქმეა. ვფიქრობ, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ამ საპროტესტო აქციების გზით ისინი მხოლოდ თავიანთ თავს დააზიანებენ“, – განაცხადა კახიანმა.