„ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებს
მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოში გაიმართა ტრენინგები, სადაც სასაუბრო თემა იყო ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა.
„ტრენინგები გაიმართა „პრაიდის“ ორგანიზებით და გაერო-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც „პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაერო-ს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობის უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში, სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ, როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, იმისათვის, რომ, მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში. ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში; დოლარი, რომლითაც მდიდარი „ენჯეოები“ ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“ – განაცხადა მდინარაძემ.