„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ჩაერთვება პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პარტიაში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხი განიხილება, თუმცა სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებში პარტიის წევრები კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება მსჯელბისთვის უკვე ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე იქნება გატანილი.
„არ მაქვს უფლებამოსილება წინასწარ გავაკეთო განცხადებები. ძალიან მალე იქნება ამის შესახებ ცნობილი. აქ არ არის მარტო ერთ კანდიდატზე საუბარი, აქ ლაპარაკია, რა ფორმით და როგორ დავუჭერთ მხარს იმას, ვისაც შევარჩევთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, საბოლოოა და აღარ შეიცვლება.
ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.
კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.
ამ დროისთვის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტრირებული: მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო”; შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.