„ქართული ოცნება“ - ჩვენთვის პატივია, შევინარჩუნოთ ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობა და მისი ღვაწლი ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფელ ხიბულაში პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ზვიად გამსახურდიას როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე უმნიშვნელოვანესია.
„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე.
ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება“, – ნათქვამია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.