„ქართული ოცნება“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ და არ დაუშვან მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება
„ქართული ოცნება“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ და არ დაუშვან მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება

პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ და არ დაუშვან მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება, რამაც შეიძლება საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ ფაქტებსა და მოვლენებს. ამ ნაკლოვანების მორიგი გამოვლინებად უნდა შეფასდეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, მხრიდან ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება. კერძოდ, „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის მითითებით ორგანიზაციამ შეხვედრა გაასაჩივრა, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. ეს საკანონმდებლო ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამერწამეო-არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და დაწესებულებების დირექტორების აღმზრდელ-პედაგოგების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრებას. ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, რაც არ ხვდება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში. შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევა“, – განაცხადა მიქანაძემ.