„ქართული ოცნება“ - 2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, არსებობის 10 წლის განმავლობაში, პარტიამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მათივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი და ამ ნდობის გამართლება პარტიის უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია.
„დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა ჩვენი პარტიის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. არსებობის 10 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით და პარტიის იუბილეს ვულოცავთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ათასობით წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, პარტიაში განმარტავენ, რომ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა „ქართული ოცნება“, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
„ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; დანერგილი იყო ე.წ. ელიტური კორუფციისა და ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა; სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაცვის არავითარი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის რაიმე ქმედითი სისტემა; 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა“, – ნათქვამია პარტიის დაფუძნებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლის, განვითარების აუცილებელი პირობაა.