ქართული მულტფილმები ეკრანს დაუბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ მუშაობა დაიწყეს ერთობლივ პროექტზე „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980 წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისათვის მათი წარდგენა ეროვნული არქივის კინოთეატრში.
ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე მიმდინარეობს. მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახის აღდგენას ემსახურება.
პროექტის მიზანია ქართული ანიმაციის დაცვისათვის მისი მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნა და დიდ ეკრანზე ჩვენებით პოპულარიზაციის გაზრდა.
პროექტის პირველ ეტაპზე სპეციალისტები მუშაობენ შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „თერძი ბესო“, „საზამთრო“ და „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვა.
მულტიპლიკაციური ფილმების პირველი ჩვენება მომდევნო თვეში ეროვნული არქივის კინოთეატრში მოეწყობა.