ქართული მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში იყიდება 
ქართული მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში იყიდება 

ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია. ქართული საექსპორტო პროდუქტი გერმანიაში – Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-სა და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

„ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ქართველი აგრომწარმოებლები გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების პოტენციურ მყიდველებთან დააკავშიროს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბაზარზე 36 ტონა პრემიუმ ხარისხის ქართული მოცვი შევიდა და ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებში, მათ შორის Rewe-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. Rewe გერმანიის ტერიტორიაზე 3 600 ფილიალითაა წარმოდგენილი. სეზონის დასრულებამდე გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზე დაგეგმილია ქართული მოცვის დამატებითი მოცულობის შეტანაც“, – აღნიშნავენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

სააგენტოს ცნობით, გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში ქართული მოცვის შეტანის პროცესს წინ უძღოდა საერთაშორისო შემსყიდველების ვიზიტი საქართველოში, რომელიც ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საერთაშორისო შემსყიდველებმა დაათვალიერეს საწარმოები და ინდივიდუალურად შეხვდნენ მწარმოებლებს B2B შეხვედრების ფარგლებში. ასევე, ქართული კომპანიებისთვის საწყის ეტაპზე მომზადდა მარკეტინგული მასალები, რათა მათ საკუთარი წარმოების შესახებ სათანადოდ მიეწოდებინათ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის. ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამა, ქართული მოცვის გარდა, სხვა აგროპროდუქტებზეც ვრცელდება, მათ შორის კაკლოვან კულტურებსა და გადამუშავებულ პროდუქციაზე.