ქართული მხარე გაერო-ს უშიშროების საბჭოში ოკუპირებულ რეგიონებსა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს
ქართული მხარე გაერო-ს უშიშროების საბჭოში ოკუპირებულ რეგიონებსა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს

2018 წლის 28 მარტს ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ინიციატივით, გაიმართება ღია დებატები თემაზე: „კოლექტიური ქმედება გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების გასაუმჯობესებლად – გავლენისა და ეფექტიანობის გაზრდის მხარდაჭერა დღევანდელ რთულ და მაღალი რისკის შემცველ გარემოში“.

დებატების მიზანი გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის (მისიების მასპინძელი ქვეყნები, რეგიონული ორგანიზაციები, უშიშროების საბჭო, წევრი ქვეყნები, მათ შორის, ქვეყნები, რომელთა სამხედრო და საპოლიციო შენაერთები მონაწილეობენ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, და გაეროს სამდივნო) ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.

ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო ოპერაციებისათვის ცხადად განსაზღვრული, რეალისტური და კონტექსტისათვის შესაბამისი მანდატების მნიშვნელობაზე.

ამ კუთხით საქართველო ისაუბრებს თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც 2009 წელს საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG) მანდატი შეწყდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის – რუსეთის – ვეტოს გამო, რამაც გაერო-ს ისტორიაში ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა. განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ქართული მხარე ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.