ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე მტკიცებულებად დრონს წარადგენს [ფოტო]
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მტკიცებულებად დრონს წარადგენს.
საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თითქოს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, რაზეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გუშინვე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნულ ნივთს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. კვადროკოპტერი შეეჯახა სამოქალაქო პირის სამოყვარულო დრონს, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა. გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები, ვითომ აღნიშნული დრონი ჩამოგდებული იქნა ჩვენი საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც გაიხსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. რა თქმა უნდა, ეს მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს. მათ კუთვნიი კვადროკოპტერს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი და შესაბამისად, გაჟღერებული ბრალდებები არ არის საფუძვლიანი და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის სტანდარტული კვადროკოპტერი, რომელსაც გამოიყენებს ყველა მოყვარული. ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მიმდინარე ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს, რომ აღნიშნულ ნივთს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანება. ის განცხადება, რაც გუშინვე გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იყო ფაქტებზე დაყრდნობილი, რაშიც საშუალება გაქვთ საკუთარი თვალით დარწმუნდეთ. ეს დრონი არის შესწავლილი და დათვალიერებული. ჩვენ ამას წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.