ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას გადასცემს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს
დღეს ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს პირველად გადასცემს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ სამედიცინო დასკვნას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
პირველ არხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ დავით დონდუას ესაუბრა.
„ვეთანხმები ბატონ კარასინს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა ტრაგედიაა. ასეთი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულება, შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც გააკონტროლებენ ძალის არგამოყენებას და საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი სტაბილურობაზე და მშვიდობაზე რეგიონში“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.
დონდუას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თავისი განცხადებით ცდილობს, თავი აარიდოს იმ ვალდებულებას, რომელიც რუსეთს აკისრია. მისივე თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალაა.
„ჩვენ დღეს შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს სამხარაულის სახელობის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას გადავცემთ, რათა მათ სრული წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, თუ რა დონის ტრაგედია დატრიალდა. ეს დასკვნა გადაეცემა რუსულ მხარესაც. უნდა გაკეთდეს ყველაფერი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ამ კონკრეტული დანაშაულის გამოსაძიებლად, დამნაშავეების დასასჯელად და მართლმსაჯულების აღსადგენად. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ერთეული შემთხვევა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ეს არის მესამე შემთხვევა. 2014 წელს დავით ბაშარული გაიტაცეს და აღმოჩნდა ტყეში ხეზე ჩამოკიდებული. არსებობს მტკიცებულება, რომ ის დაკავებული იყო ცხინვალის იზოლატორში. 2016 წელს ე.წ. მესაზღვრეებმა მოკლეს გიგა ოთხოზორია. 2018 წელს ტრაგედია მესამედ დატრიალდა. ეს არ იყო ქუჩის კრიმინალის მსხვერპლი. ეს არ იყო ბანდიტური გარჩევის მსხვერპლი. ეს იყო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის სისტემური დანაშაული. ამის მიზეზია განგრძობადი ოკუპაცია, რომელსაც რუსეთის მხარე აწარმოებს“, – განაცხადა დავით დონდუამ.
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი დეოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე წესრიგის აღდგენაა.