„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ
„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ

„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას დაკავებულების გათავისუფლებამდე არ აპირებენ.

როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციების ლიდერების გათავისუფლება არ მოხდება, აქციის მონაწილეები ამ ფაქტს ყველა იმ ბერკეტით გააპროტესტებენ, რაც კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება.

„დაკავებები მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც რვა პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული, მათ შორის არიან „ქართული მარშის“ ლიდერები, მაგრამ არიან სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაკავებულები.

ჩვენ მივმართავთ პროტესტის ყველანაირ მშვიდობიან ფორმას, რათა სასწრაფოდ გაათავისუფლონ ეს ადამიანები საპყრობილეებიდან.

როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი მივმართავ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა ის ლიდერი, რომელიც დაპატიმრებულია, თორემ ამას მოჰყვება შემდგომში გამოუსწორებელი შედეგები, რომლის წარმოდგენაც არ მინდა“,- განაცხადა ბრეგაძემ.

აქციის ორგანიზატორები არც რუსთაველის გამზირის გატაკეტვას გამორიცხავენ.

„გამზირის გადაკეტვა შეიძლება იყოს პროტესტის ყველაზე სუსტი ფორმა, თუ არ გაათავისუფლებს ხელისუფლება უკანონოდ დაკავებულებს, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივლენ”,- განმარტა სანდრო ბრეგაძემ.

დღეს თბილისის მასშტაბით გამართულ აქციებზე 30-მდე პირი დააკავეს.