„ქართული მარშის“ წევრები ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ შტაბთან იმყოფებოდნენ და გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვდნენ
მაქვს კითხვები გიგი უგულავასთან, ამიტომ მოვდივარ, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომელიც ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბთან იმყოფებოდა.
„მე ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, ის იყო მერი. 30 ტომი დაიწერა უგულავაზე, მაგრამ კოაბიტირებულმა მთავრობამ არ მიიყვანა საქმე ბოლომდე. მე მაქვს კითხვები მასთან, ამიტომ მოვდივარ. მან ასევე უნდა დაგმოს გუშინდელი საქციელი. აქ თუ არ მოვა, მე ვნახავ სადმე ქალაქში“, – ამბობს შიხიაშვილი.
შიხიაშვილთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან „ქართული მარშის“ სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა ისინი ავტომანქანებიდან არ გადმოსულან. შიხიაშვილმა ტერიტორია უკვე დატოვა.
„ევროპული საქართველოს“ შტაბში „ქართულ მარშს“ მუქარაში ადანაშაულებენ. შტაბის ხელმძღვანელი ბართლომე შელია ამბობს, რომ გუშინ სპეცოპერაციის დროს დაწყებულ დაპირისპირებას „ქართული მარში“ დღეს აგრძელებს. მისივე განმარტებით, ირაკლი შიხიაშვილი მათ შტაბთან დღის პირველ ნახევარშიც იმყოფებოდა.
„აქ მოვიდა ირაკლი შიხიაშვილი, გვითხრა, რომ ერთ საათში დაბრუნდება და დაიბარა, ადგილზე დახვდეს გიგი უგულავა, თუ ვაჟკაცია, ადგილზე საქმე უნდა გაურჩიოთო. ხელისუფლება უკვე „ქართული მარშით“ გვებრძვის. ეს არის მუქარა“, – განაცხადა ბართლომე შელიამ.