„ქართული მარშის“ წარმომადგენლები დავით გარეჯში იმყოფებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, მათ სურთ, საქართველოს მოსახლეობას დრონის მეშვეობით დავით გარეჯში არსებული ვითარება აჩვენონ. აღნიშნულს მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა მესაზღვრეებთან.
სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა „მარშის“ წევრებს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საზღვრიდან 500 მეტრის მოშორებით შეეძლოთ დრონით გადაღება. „მარშის“ წარმომადგენლებმა საბოლოოდ გაითვალისწინეს სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლების განმარტება და დათანხმდნენ, მონასტრიდან მოშორებით გაეშვათ დრონი.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული დავით გარეჯის პრობლემით. ის, რასაც ეს ხელისუფლება ლაპარაკობს, იყო წმინდა წინასაარჩევნო პიარი და ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ჩვენი სიწმინდეები და ტერიტორიული მთლიანობა გამოიყენა თავისი წინასაარჩევნო პიარისთვის. საზღვარი კიდევ ცოტათი არის გადმოწეული. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კელიებში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები შესულები არიან და იქ ერთგვარი ყაზარმები აქვთ გაკეთებული. მე ვეკითხები ამ ხელისუფლებას, ცხრა წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯი მაინც დამანახონ, რომელიც დავით გარეჯის დაბრუნებისთვის ჰქონდათ გადადგმული. ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული, მაშინ უამრავ ნაბიჯს დავასახელებ, რომელიც გადადგმულია დავით გარეჯის დაკარგვისკენ. მელაშვილის განცხადება იყო ცალსახად მოღალატეობრივი, როდესაც მან განაცხადა, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო. ეს ფრაზა უკვე ყოველგვარ კომენტარს სცდება. დღეს ჩვენ ამოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით იმ უბედურებაში, რაც დღეს აქ ტრიალებს და სხვათა შორის, იმ უბედურებაში, რაშიც ამ ბატონს – მელაშვილს მიუძღვის წვლილი. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ იმ არასწორად გავლებული საზღვრის გამო, ძირძველ ტერიტორიას – დავით გარეჯს, ფაქტობრივად დაპატრონებულია უცხო ქვეყანა და აქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. ადამიანს თუ აკავებ სამშობლოს ღალატის მუხლით და შემდეგ მას უშვებ იმის სანაცვლოდ, რომ ალეკო ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ამაზრზენი ქმედება. არის ეს პოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ სამშობლოთი არასოდეს არ უნდა ვივაჭროთ. ჩვენ ამის აეროგადაღებაც ვაწარმოეთ, ახლა მივდივართ და ვიწყებთ საპროტესტო მოძრაობას დავით გარეჯის დასაბრუნებლად არა მარტო თბილისში, არამედ დავით გარეჯშიც“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.