„ქართული მარშის“ წევრები კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე და “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადების“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი გამოკითხვა სავარაუდოდ დღეს გასამართ საფეხბურთო მატჩს უკავშირდება.
20:00 საათზე „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.
როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. როგორც „ქართული მარშის“ წევრმა კოტე მორგოშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „თუ კაშია ბოდიშს მოუხდის ადამიანებს, რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეილახა, „ქართული მარში“ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღარ გამართავს“.
შეგახსენებთ, გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.
ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის „ფეისბუქზე“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.